კახა კალაძე რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოვში, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა. მედიასთან საუბრისას მან სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი. თბილისის მერმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მაშველებსა და მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები ადგილზე კოორდინირებულად მუშაობენ.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ალბათ მედიას გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა თავს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს. მე მინდა, მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი სამსახური, უწყება ადგილზეა და კოორდინირებულად მუშაობს. ტექნიკის შეყვანას რაც შეეხება, ეტაპობრივად ხდება, იქიდან გამომდინარე, როდესაც ამის ნებართვას გასცემს სამაშველო სამსახური. თქვენ იცით, რომ სამძებრო სამუშაოები უშუალოდ ხელით მიმდინარეობს. სადაც შესაძლებელია ტექნიკის მუშაობა, იქ უკვე 40-ზე მეტი ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში, 80-მდე ტექნიკა არის მობილიზებული და ეტაპობრივად, როგორც კი მიეცემათ შესაძლებლობა, ყველგან სადაც აუცილებელია, შევლენ. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა, ძალიან დიდი მასშტაბის ღვარცოფი არის ჩამოსული, გაცილებით მეტი, ვიდრე იყო ყაზბეგში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.