კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 104 პირს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
ობიექტზე თავმოყრილ მოქალაქეებს კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.
„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით, 3500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. ბევრი ისტორია მოვისმინე აღნიშნულთან დაკავშირდებით, ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო.
როდესაც მათ ვუთხარით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, არ სჯეროდათ, რადგან მთავრობები იცვლებოდა, საბოლოოდ კი არავინ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯს. დღეს მეც თქვენსავით ბედნიერი ვარ - მაქვს შესაძლებლობა, 104 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებში ხედავენ პრობლემას.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაბრკოლებებშიც, პრობლემებშიც ხედავენ გამოსავალს. ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს, ასევე, ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ადამიანების გაბედნიერებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილის ფართებით დაკმაყოფილების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა.
„ჩვენ გვყავდა 3 500-მდე ოჯახი. დღეის მდგომარეობით, 2 500 ოჯახი დაკმაყოფილებულია და სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. უფრო დეტალურად კი, ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობა, ამ ეტაპზე, 15 მისამართზე მიმდინარეობს, სადაც 1000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, 26 ობიექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. მშენებლობა დასრულებულია 4 პროექტზე და ფართები გადაეცა 154 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა 5 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია 3 პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი და, დაახლოებით, 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
დემეტრე თავდადებულის N38-ის მიმდებარედ პროექტს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ ახორციელებს. დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9160 კვ. მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.