კახეთის მასშტაბით 32 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - ღვინის ეროვნული სააგენტო
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთის მასშტაბით 32 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 19 ათასი ტონა საფერავი, 7,5 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 14 ლოკაციაზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიცუპალიტეტში.
მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში.
წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.
კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი - ინგა ფხალაძე
22.09.2026.15:04
„ჩვენი სურვილია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ მწვანე ენერგეტიკულ სატრანზიტო და საექსპორტო ჰაბად, რაშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი ენიჭება რეგიონულ თანამშრომლობასაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის და სხვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნების განვითარების პროექტებზე.
„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ინგა ფხალაძის თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის მხოლოდ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება არ არის.
„ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი, გავაძლიეროთ მომხმარებელთა უფლებები, წავახალისოთ ინვესტიციები და საქართველოს ენერგეტიკული სისტემა მოვამზადოთ უფრო ფართო ევროპულ სივრცესთან დასაკავშირებლად. ამ გზაზეც მარეგულირებლის როლი განსაკუთრებულია და დღევანდელი ფორუმის საქართველოში ჩატარებაც, გარკვეულწილად, სწორედ ჩვენი მზაობის გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ ენერგეტიკული ტრანსფორმაციის რიგითი მონაწილე, არამედ ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.