კახეთში გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნის 99,2% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
1 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 135 000 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 133 884 ტონაა (99,2%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 116 ტონა (0,8%).
კახეთში ყურძნის მოსავალი 9 800 მევენახემ დააბინავა.
სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია.
მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 15 პუნქტი გამოავლინეს
01.10.2026.10:58
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 15 ფაქტი გამოავლინა, დაკავებულია 9 პირი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 15 პუნქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.