კახეთში გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა - ღვინის ეროვნული სააგენტო
2 ოქტომბრის მდგომარეობით გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 145 800 ტონაა (99%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 500 ტონა (1%). ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კახეთში ყურძნის მოსავალი 10 600 მევენახემ დააბინავა.
გადამუშავებული ყურძნიდან 80 ათას ტონამდე საფერავი, 57,6 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა
16.10.2026.17:12
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.
საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.
“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.