ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 31.9 წლამდე გაიზარდა
საქსტატის ინფორმაციით, რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სტაბილური ზრდა აჩვენა. როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2013 წელს 27.4-ს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს კი 31.9 წელს.
რაც შეეხება კაცების ქორწინების საშუალო ასაკს, შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.9 და 34.4 წელი შეადგინა.
როგორც საქსტატში განმარტავენ, 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე
წლებიდან, საქართველოს მოსახლეობამ არსებითი ცვლილებები განიცადა. მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა ფართომასშტაბიანი მიგრაციული პროცესების შედეგად. ამას მოჰყვა სიკვდილიანობის და შობადობის მკვეთრი შემცირება.
„ამჟამად საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2002 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში, 15.3 პროცენტიდან 19.4 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ როცა კაცებში იგივე მაჩვენებელი 10.9 პროცენტიდან 12.6 პროცენტამდე არის გაზრდილი“, - განმარტავენ საქსტატში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.