ქართული ღვინის ონლაინ კურსი ნაპა ველის ღვინის აკადემიის სასწავლო პროგრამაშია
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ამერიკის შეერთებულ შტატებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners”-ის მხარდაჭერით, მსოფლიოში ცნობილ ნაპა ველის ღვინის აკადემიის (Napa Valley Wine Academy, კალიფორნია) სასწავლო პროგრამას ქართული ღვინის ონლაინ კურსი ემატება. აღნიშნული კურსი პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი ოფიციალური ინგლისურენოვანი სასერთიფიკატო კურსია ქართულ ღვინოზე აშშ-ში.
კურსის ფარგლებში აუდიტორია გაეცნობა ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და მეთოდებს, ქართული ღვინის რეგიონებს, ღვინის მრავალფეროვან ჯიშებს და სხვ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები Napa Valley Wine Academy-გან.
კურსს წარუძღვება ნაპა ველის ღვინის აკადემიის თანადამფუძნებელი და ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ბუგი (Catherine Bugue).
ამერიკის შეეთებულ შტატებში ასეთ მნიშვნელოვან აკადემიასთან თანამშრომლობა არის საუკეთესო შესაძლებლობა, უფრო ფართოდ და საფუძვლიანად იყოს წარმოდგენილი ქართული მეღვინეობის ისტორია, კულტურა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, აშშ-ში.
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://napavalleywineacademy.com/wines-of-georgia/#course
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.