ქართული მობილური ბაზრის კვლევა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ის არაკონკურენტულია და რეგულაციას საჭიროებს - დომაგო იურიევიჩი
„ჩვენ დავასკვენით, რომ ქართული მობილური მომსახურებების ბაზარი განიცდის კონკურენციის ნაკლებობას, ამის მიზეზი კი ბაზარზე დომინანტი კომპანიის არსებობაა, რომელსაც საფუძვლიანი კვლევის მიხედვით, „მაგთიკომი“ წარმოადგენს. ბაზრის ანალიზის შედეგად შემუშავებული ვალდებულებები, რომელიც ComCom-მა „მაგთიკომს“ უნდა დააკისროს, მოხსნიან ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ხელს შეუწყობენ ახალი მოთამაშეების შემოსვლას.“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით განხორციელებული მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტმა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომაგო იურიევიჩმა ComCom-ის მიერ გამართული კვლევის პრეზენტაციის ფარგლებში გააკეთა.
დომაგო იურიევიჩის განცხადების მიხედვით, ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კვლევა ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით განახორციელეს. მისივე თქმით, კვლევით დადგინდა ისიც, რომ არაკონკურენტული გარემო ბაზრის გაუმართაობაზე მიანიშნებს, რომლის ძირითად ინდიკატორებსაც ინოვაციური ტექნოლოგიების სიმწირე, ოპერატორთა მაღალი მომგებიანობის მაჩვენებელი (EBITDA მარჟა) და შემოსავლების მზარდი ტენდენცია წარმოადგენს. ექსპერტმა აღნიშნა ისიც, რომ ქართულ ბაზარზე ოპერირებს მხოლოდ ერთი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO), მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების ბაზარზე არაერთი მსგავსი კომპანია არსებობს, რაც, ამ უკანასკნელზე დაბალ ბარიერებსა და შესაბამისად - ნაკლებ რეგულაციებს განაპირობებს.
შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტმა ქართული ბაზრის კონკურენციის პრობლემების აღმოფხვრასა და გადაჭრის გზებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც, მისი თქმით, „მაგთიკომისთვის“ დაშვების ვალდებულებების დაკისრებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორმა საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვების მსურველ კომპანიებს წვდომა უნდა მისცეს: „კვლევის მიხედვით, აღნიშნულმა დაშვების მსურველმა ოპერატორებმა, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, უნდა შეძლონ „მაგთიკომის“ ინფრასტრუქტურაზე დაშვება და ქსელის გამოყენება. ამგვარად, ეს მნიშვნელოვანი ძალის მქონე ოპერატორისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება და ამასთან, გამოიწვევს ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფასებს შეამცირებს“ - აღნიშნა ევროკავშირის ექსპერტმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.