ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისათვის 18 000-ს აჭარბებს
უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის შეუცვლელ როლს ასრულებს.
„ქართველ მეზღვაურებს, ყველას ვინც აქ ბრძანდებით და მათაც, ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, შეუცვლელ როლს ასრულებს; ასევე უნიკალურია ნაოსნობის და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისათვის. ეს მისია განსაკუთრებით ცხადია დღეს, როდესაც ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება; „შუა დერეფანი“ - ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა დღეს საქართველოზე გადის; რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის ჩვენი ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი ყოველდღიური შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ შრომის შედეგად საქართველო შავი ზღვის რეგიონში ლიდერ საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბდა; ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს 74 სხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა რაოდენობა დღეისათვის 18 000-ს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტიც”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისათვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისათვის.
„ეს პროცესი გრძელდება; სულ მალე, პირველი ივლისიდან ძალაში შევა კანონი, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომლითაც კიდევ უფრო უკეთ დარეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, სახელმწიფო უფრო ეფექტურად შეძლებს, დაიცვას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დროშით მცურავ გემებზე დასაქმებული ჩვენი მეზღვაურების უფლებები და ინტერესები. საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მადლობას გიხდით თქვენი პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
სხვა სიახლეები
26 მაისს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი - ლევან დარსალია
22.05.2026.17:59
“26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს,” - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
“წელსაც ჩვენი სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი. ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს”- განაცხადა ლევან დარსალიამ.
მისივე ინფორმაციით, Snap circuits -ისა და lego spike -ის ვორქშოფები განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტები და ჩაერთონ აწყობის პროცესში. შესაბამის სივრცეში იქნება რობოტების გამოფენაც. მონაწილეები გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას რობოტების მუშაობის და პროგრამირების შესახებ.
GITA - ს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე.
ლევან დარსალიას ინფორმაციით, დაინტერესებული პირები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც დრონების სიმულატორის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ და გატესტონ დრონის მართვა.
GITA - ს პავილიონში ასევე დაგხვდებათ VR სათვალის, 3D სკანირებისა და ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფები.