კეტჩუპის ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა - სეს
კეტჩუპის ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ქ. ერევანი, შირაკის ქ. N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამზადების თარიღი: 03.06. 2023 წელი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ 07001011888, ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ამავდროულად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია.
სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.