ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს თბილისის მერია 1 687 000 ლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს
სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფინანსური დახმარების გაწევა მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება.
„გახსოვთ ალბათ, სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა რამხელა ზარალი მიაყენა იქ მოვაჭრეებს. ჩვენი თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ დაზარალებულებს, ადგილზეც იმყოფებოდნენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. მათი მოთხოვნის საფუძველზე, მყისიერად მოხდა ტერიტორიის მოწესრიგება, დასუფთავება, ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება.
რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ მიმართულებითაც გაიმართა არაერთი შეხვედრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერიამ გაუწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ეს თანხა ჯამურად შეადგენს 1 687 000 ლარს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა, დაზარალებულების სახელით, მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავუხადო მადლობა, იმ დაზარალებული ხალხის სახელით, რომელიც ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ მაშინვე გადავდგით ნაბიჯი, შევხვდით ამ ადამიანებს, გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. უკვე დაიწყო თანხების ჩარიცხვა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია ამ დაზარალებულ მეწარმეებთან. კიდევ ერთხელ, მადლობა პრემიერ-მინისტრს, რათა მყისიერად მოხდა თანხების გამოყოფა და გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ დაგვეტოვებინა პრობლემების პირისპირ. მზად ვართ, შევასრულოთ მთავრობის დავალება და გავცეთ აღნიშნული დამხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.