ხარისხიანი განათლება მთავარ გამოწვევად რჩება - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება და განათლების და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს ამ გამოწვევების გადასაჭრელად კარგად გააზრებული ხედვა აქვს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბევრმა, არაერთმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და ჩვენს მინისტრს, ბატონ გიორგის აქვს ძალიან კარგი ხედვა, კარგად გააზრებული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მჭიდროდ ვმუშაობთ აი ამ საკითხების გადაწყვეტაზე. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა რა თქმაუნდა, პირველ რიგში ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი განათლება. ეს რჩება ჯერ კიდევ დღეს მთავარ გამოწვევად ხარისხიანი განათლება და ამაზე მიუთითებს ყველა ისკვლევა. ზოგადად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო, ეს იქნება ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე და მხარდაჭერა გაგრძელდება. ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მასწავლებელთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. მინისტრის ინიციატივით, მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, რომელიც სრულად ახალ ხედვას ეფუძნება და ამის თაობაზე ბატონი მინისტრი თავად წარმოგიდგენთ ძალიან მალე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.