ხაშურის №4 ახალი სკოლის მშენებლობისთვის კონტრაქტორი უკვე შერჩეულია
ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ახალი, 500 მოსწავლეზე გათვლილი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი, როგორც სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან წინასწარ იყო შეთანხმებული, 20 ოქტომბრისთვის უკვე დაწყებულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
მინისტრმა სასკოლო საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობის, მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ხაშურის №4 საჯარო სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან. გარკვეული პერიოდის წინ მათ შევხვდით და დავპირდით, რომ 20 ოქტომბრისთვის სადემონტაჟო სამუშაოები დაწყებული იქნებოდა. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ დროისთვის დავგეგმეთ. როგორც ხედავთ, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
მშობლებსა და პედაგოგებს ასევე ვაცნობეთ, რომ ახალი სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიაც შერჩეულია. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები. ჩვენი მიზანია, სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა შეუფერხებლად გაგრძელდეს“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ხელშეკრულებით სკოლის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ივლისშია გათვალისწინებული, თუმცა სამინისტრო შეეცდება, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაოები უფრო ადრე დასრულდეს.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის ხარისხია. სამუშაოებზე მაქსიმალური კონტროლი განხორციელდება, რათა ხარისხთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს. ამავდროულად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, სკოლა დათქმულ ვადაზე ადრე დასრულდეს და ბავშვებმა 2028–2029 სასწავლო წელი უკვე ახალ შენობაში დაიწყონ“, — აღნიშნა მინისტრმა.
ამ ეტაპზე, არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟის პარალელურად, მიმდინარეობს საექსპერტო კვლევები, პროექტის კორექტირება და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები.
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება 500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა. შენობა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
ხაშურის №4 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადმოეცა.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა
20.10.2026.21:43
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ: პაატა შავიშვილს - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს; ირაკლი აფხაიძეს - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს; ალექსანდრე არაბულს - მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს; ალექსანდრე ამბოკაძეს - ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს; მარიამ ყაველაშვილს - საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს.
დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
„სახელმწიფოს სიძლიერე იწყება იქ, სადაც მას საკუთარი რეალობის ზუსტი, ობიექტური და სიღრმისეული აღქმა აქვს. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებელ, დამუშავებულ და ზუსტ მონაცემებს ეფუძნება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სტატისტიკის სახელმწიფო ინსტიტუტის ისტორიულ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩამოყალიბება 1919 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა სტატისტიკის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული პასუხისმგებლობა და ქვეყნის წინაშე ერთგულება.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოებისათვის სანდო და ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციის მნიშვნელობაზეც. მისი შეფასებით, ობიექტური მონაცემები ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებას და ამცირებს ინფორმაციული მანიპულაციის შესაძლებლობას.
„დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს, მის მონაცემებს ენდობიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ნდობა დიდი გამოცდილებით მოიპოვება, მისი შენარჩუნება კი ყოველდღიურ გარჯასა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა დაჯილდოებულ პირებს მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ღირსების მედალი მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა და ქვეყნისადმი ერთგულების სახელმწიფოებრივი აღიარებაა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.