ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი შექმნილი დისკომფორტისთვის - მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის პირველი ეტაპი 2027 წელს დასრულდება | რევაზ სოხაძე
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
მინისტრის თქმით, ხაშურში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცა შესაძლებელი იყო სამუშაოები უკეთესად დაგეგმილიყო, რათა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შეჰქმნოდა.
„ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ამ პროექტმა გამოიწვია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოების განხორციელებას გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის ახლავს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალში ასეთი პროექტები გაცილებით უკეთ დაიგეგმოს და მოსახლეობაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა უკვე მოწესრიგდა, ხოლო დანარჩენ ადგილებზე სარეაბილიტაციო პროცესები აქტიურად გრძელდება. რევაზ სოხაძის განცხადებით, ხაშურში არამხოლოდ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის განახლება მიმდინარეობს, არამედ შენდება თანამედროვე გამწმენდი ნაგებობაც, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
მინისტრის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში საქართველოს ქალაქებსა და საკურორტო ზონებში ეტაპობრივად მოეწყობა თანამედროვე წყალარინების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები, რაც ქვეყნის ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„ეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციაა, თუმცა აუცილებელი პროექტია ქვეყნისთვის. ხაშურში მიმდინარე სამუშაოები სწორედ ამ დიდი პროგრამის ნაწილია“, – აღნიშნა მან.
მინისტრის ინფორმაციით, ხაშურში პროექტის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2027 წელს დასრულდება, ხოლო წყალმომარაგებისა დაწყალარინების სისტემის სრულად მოწესრიგება 2028 წლისთვის იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე და გამართული წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით ისარგებლებს.
სხვა სიახლეები
სამინისტროს სისტემაში წელს 8.5 მილიარდ ლარზე მეტის 400-ზე მეტი ტენდერი უკვე გამოცხადებულია - რევაზ სოხაძე
19.10.2026.09:00
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადებულია 400-ზე მეტი ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ლარს აღემატება”,- ამის შესახებ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების გამოცხადება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.
„ამ სამუშაოების შედეგებს მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან იგრძნობს. მნიშვნელოვანი პროექტები ერთდროულად იწყება როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით,“ – განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას სარფთან დააკავშირებს და ტრანზიტულ მოძრაობას გონიოსა და ტურისტული ზონისგან განტვირთავს. ასევე დაგეგმილია ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა.
მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის დამაკავშირებელი გზის პროექტი, სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის კი რამდენიმე მონაკვეთზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები.
“უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პარალელურად, დასკვნით ეტაპზეა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული კომპანიები უახლოეს პერიოდში გამოვლინდება”,- აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზა ყველა გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემდეგ გაიხსნება.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. გვირჩევნია, გზა ოდნავ გვიან გაიხსნას, მაგრამ იყოს სრულად გამართული, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის,“–განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.