ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორის მხრიდან თანხის გადახდა მკაფიო დასტურია, რომ ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, თანხა უკვე აისახა ბიუჯეტში - ბექა ძამაშვილი
ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტნიორის მხრიდან ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესრულება, დაკისრებული თანხის გადახდა არის მკაფიო დასტური, რომ ისინი ეთანხმებიან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. ანუ, ეთანხმებიან, რომ ანაკლიის პორტის ვერ განხორციელება მთლიანად იყო მათი ბრალეულობა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.
ძამაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელმა პარტნიორმა, ბობ მეიერმა ანაკლიის პორტის საქმის ფარგლებში ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხა გადაიხადა.
„სახელმწიფოს რაიმე კუთხით მათთვის ხელი არ შეუშლია, ფაქტობრივად, მათ ამ პროცედურული მოქმედებით, ეს ყველაფერი თვითონ დაადასტურეს. ადამიანმა როდესაც იცის, რომ მართალია, ყველა შესაძლო სამართლებრივ მექანიზმს იყენებს. აუცილებლად გაასაჩივრებდა და ბოლომდე შეეცდებოდა საკუთარი სიმართლის დაცვას. არბიტრაჟის გადაწყვეტილების მყისიერად შესრულება ადასტურებს, რომ თავიდანვე იცოდნენ, ამ საქმეში სახელმწიფო იყო მართალი, უბრალოდ, ეს საქმეები გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით გამოიყენეს. ორ სხვადასხვა არბიტრაჟში შეიტანეს საქმე. ნიშანდობლივია, რომ გასულ წელს, როდესაც პარიზის არბიტრაჟმა მიიღო ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, მაშინაც არ გაასაჩივრეს. ერთობლიობაში ყველაფერი აჩვენებს, რომ მათ ეს საქმეები უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით სჭირდებოდათ. იცოდნენ, სახელმწიფო მართალი იყო და ამ პროცედურული მოქმედებით, რაც დაკისრებული თანხის გადახდაში გამოიხატა, ყველაფერი მკაფიოდ დადასტურდა“,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ძამაშვილის ინფორმაციით, ბობ მეიერმა დაკისრებული თანხა რამდენიმე დღის წინ გადაიხადა.
„რამდენიმე დღის წინ გადაიხადა და თანხა უკვე ასახულია ბიუჯეტში. შესაბამისად, დღეს თამამად შეგვიძლია ამაზე საუბარი“, – განაცხადა ძამაშვილმა.
ბექა ძამაშვილმა დავის წარმოებისას ქართული სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებზე. მათი პოლიტიკური პარტია და ტელევიზიები ნიშნისმოგებით მიანიშნებენ ხოლმე, რომ რამდენიმე ათეული მილიონი დახარჯა სახელმწიფომ ამ დავის წარმოების დროს. ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფოს ედავები ოთხ მილიარდზე მეტი ზიანის ანაზღაურებას, სახელმწიფო ვალდებულია, თავი დაიცვას და ამისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეული მილიონი, რომელიც სახელმწიფოს დასჭირდა დავის საწარმოებლად, მათ კისერზეა, რადგან დავის პროცესში ბევრი შეთავაზება გავუკეთეთ, რათა ეს ხარჯები ყველასათვის დაზოგილი ყოფილიყო. შევთავაზეთ, მხოლოდ ერთ არბიტრაჟში წარმართულიყო დავა, მაგრამ მათ უნდოდათ პარალელურად ამ დავების წარმოება. აქაც ძალიან მკაფიოა, რა იყო მათი მიზანი – მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის. ახლა, როდესაც ყველაფერი წააგეს, ერთადერთი ისღა დარჩენიათ, ნიშნის მოგებით მიუთითონ, რაღაც თანხა მაინც დაგახარჯვინეთ ბიუჯეტიდანო. მათ პარალელურად დაიწყეს ორი დავა ვაშინგტონის და პარიზის არბიტრაჟებში. მთლიანად ხარჯები იყო 63 მლნ ლარის ოდენობით და ამ ხარჯებით მათ სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს ზარალი. გარდა იმისა, რომ პორტი ვერ ააშენეს, წლები დააკარგვინეს. ამდენი წელი ცდილობდნენ, სიცრუე შემოეტანათ პოლიტიკურ ველში. ამ ყველაფრის წაგების შემდეგ, ერთადერთი, რაზეც ახლა მიუთითებენ, არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ზარალი მიაყენეს და თითქოს ეს უხარიათ“,- აღნიშნა ძამაშვილმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.