ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის მოვლენები არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული პროცესებია.
„ვიმყოფებოდით სტიქიის ზონაში, ძალიან მასშტაბური სტიქიური მოვლენა განვითარდა -ტიპური გლაციალური ღვარცოფი; საკმაოდ დიდ მოცულობასთან გვაქვს საქმე.
პროცესების წინასწარი შეფასება შესაძლებელია, მაგრამ პროგნოზირება როდის და რა დროს მოხდება ეს, ფაქტობრივად გამორიცხულია და ამას ვერავინ იტყვის. მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი.
ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი არის მინიმალური, რადგან დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია; თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს, რადგან გვაქვს ბევრი მყინვარი: თბილისის მყინვარი, ბუბას მყინვარი, იგივე ჭანჭახის ხეობა; ბევრგან შეიძლება განვითარდეს მსგავსი ტიპის მოვლენა და ამისგან დაზღვეული არ ვართ არა მარტო რაჭის რეგიონში, ეს შესაძლოა იყოს სვანეთი, ყაზბეგი, რადგან, როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები“, - განაცხადა ირაკლი მეგრელიძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.