„ხორცში აღმოჩენილია“ Salmonella და ობის სოკოები - საშაურმე OK-ის საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საშაურმე OK-ის საწარმოო პროცესი შეუჩერდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22).
ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ - საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).
ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები.
შპს „მადლს“ კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; ასევე დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
„ჯინო ჰოლდინგი“ მონაწილეობას მიიღებს და მხარდაჭერას გაუწევს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს - დეტალები
14.07.2026.23:16
თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა და საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას მუნიციპალიტეტსა და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა.
ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, გახსნა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალაქის სასიკეთოდ თანამშრომლობის სურვილის გამოვლინებაა.
„გაფორმებული მემორანდუმით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის „ჯინო ჰოლდინგის“ საკუთრება, იქნება ხელმისაწვდომი, რაც მთავარია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ემსახურება. ვისურვებდი, რომ ყველა საინვესტიციო ჯგუფმა გამოხატოს ისეთივე სოციალური პასუხისმგებლობა, როგორსაც გამოხატავს „ჯინოს“ საინვესტიციო ჯგუფი“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ მოაწერეს.
როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ აღნიშნა, საამაყოა, როდესაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სულ სხვა და უფრო მჭიდრო ეტაპი იწყება.
„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისა და ამ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობისთვის. მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანამშრომლობა „ჯინო ჰოლდინგთან“ და მრავალი სოციალური და სხვა სახის პროექტის ერთობლივად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანს. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს“, - განაცხადა ნოდარ გიორგაძემ საკრებულოში.
მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.
მემორანდუმის მიზანი საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰოლდინგის საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებული და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მხარეთა კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, სს „ჯინო ჰოლდინგი“ იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს და დანერგოს სპეციალური პარტნიორული და შეღავათიანი პირობები ჰოლდინგის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში. საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს და მხარდაჭერა გაუწიოს თბილისის საკრებულოს მიერ ინიცირებულ ან მხარდაჭერილ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, საქველმოქმედო, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს.
თავის მხრივ, საკრებულო იღებს ვალდებულებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სს „ჯინო ჰოლდინგის“ საგანმანათლებლო, ტურისტულ და გამაჯანსაღებელ პროექტებთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, ითანამშრომლოს სს „ჯინო ჰოლდინგთან“ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, „ჯინო ჰოლდინგის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.