„ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო”, - სტატია ამ სათაურით პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში Grapefriend დაიბეჭდა
„ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო”, - სტატია ამ სათაურით პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში Grapefriend დაიბეჭდა.
პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communication“ ჩართულობით მომზადდა და მასში ჩამოთვლილია ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც მკითხველმა ქართული ღვინო უნდა დააგემოვნოს და მოიწონოს.
კერძოდ, ეს არის ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია და საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარების ფაქტი, ვაზის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სუფრის კულტურა, საქართველოს ბუნება და ქართული ბუნებრივი ღვინოების პოპულარობა.
სტატიის ავტორი ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano) საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. დაათვალიერეს კახეთისა და ქართლის ღვინის მარნები, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.
Grapefriend არის პოპულარული ამერიკული გამოცემა, რომელიც ღვინის კულტურასა და პოპ-კულტურას აერთიანებს. მისი დამფუძნებელია ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano), ჟურნალისტი და სატელევიზიო პროდიუსერი (Marie Claire, MTV).
ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.
სხვა სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადების საკითხზე საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა
11.09.2026.16:44
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი ზურაბ წიკლაური სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს შეხვდა. საორგანიზაციო შეხვედრაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის საბაზისო-თემატური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, დაგეგმილი სამუშაოები და თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საბაზისო-თემატური გეგმა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოწესრიგებულ განვითარებას, ქაოსური განაშენიანების პრევენციასა და მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას. დოკუმენტზე საპროექტო კომპანია „სითი ინსტიტუტი“ მუშაობს.
მუნიციპალიტეტის მერიაში შემდგარ შეხვედრას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, სამტრედიის საკრებულოს, ასევე, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, საპროექტო ჯგუფთან ერთად გეგმარებითი არეალიც დაათვალიერეს.