KIU აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი.
განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. პროგრამა ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით.
ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ. წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწორედ ამიტომ, ტრენინგკურსში ქალთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ორივე კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ როგორც ერთ, ისე ორივე კურსზე. ადგილები შეზღუდულია. სწავლება განხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ. ტრენინგკურსები უზრუნველყოფს მინიმუმ 400 მონაწილის ჩართვას კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა დონის სამ მოკლევადიან კურსში - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (დამწყები დონე), სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი (ძირითადი კურსი) და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი.
მონაწილეთა საერთაშორისო სერტიფიცირების უზრუნველსაყოფად, KIU დააფინანსებს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო სერტიფიცირებას, EC-Council (International Council of Electronic Commerce Consultants)-თან თანამშრომლობით. EC-Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირების ორგანო და საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში.
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 ოქტომბერი, რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ სრულად.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.