კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის.
აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები და მიერთებები. განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12.9 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება.
სხვა სიახლეები
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „თამოსკინი" 600 ლარით დააჯარიმა
01.09.2026.11:31
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა.
სააგენტომ საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოვაჭრემ დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „თამოსკინს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლება აღედგინა.
მოვაჭრემ სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქცია იქნა გამოყენებული.
ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებული ჯარიმის ოდენობამ 3 ლარი შეადგინა.
კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს და, ამასთან, არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, შპს „თამოსკინისთვის“ დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა 600 ლარით განისაზღვრა.
ჯარიმის დაკისრება შპს „თამოსკინს“ სააგენტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს.