კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების დანერგვას სკოლამდელ განათლებაში იწყებს
კომუნიკაციების კომისია სკოლებისა და უნივერსიტეტების შემდეგ მედიაწიგნიერების დანერგვას უკვე სკოლამდელ განათლებაში იწყებს. ამ მიზნით, ComCom-მა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ თარგმნა და გამოსცა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად გადასცემს. კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში, ისევე, როგორც განათლების ყველა საფეხურზე. გზამკვლევი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა, ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული და ფინეთის ეროვნული განვითარების პროგრამის ფარგლებშია გამოქვეყნებული.
კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, სახელმძღვანელოს შექმნასა და ქართულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმუშავეს.
პროგრამა ბაღის მასწავლებლებს ადრეულ, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაში მედიაწიგნიერების, პროგრამირებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კომპეტენციის განვითარების ინსტრუმენტებს სთავაზობს. გზამკვლევი სამი ნაწილისგან შედგება: მედიის გაგება და შეფასება, მედიის შექმნა და მედიაგარემოში ნავიგაცია. რესურსი პრაქტიკულ მაგალითებს და სწავლების კონკრეტულ მეთოდებს მოიცავს.
აღნიშნული რესურსი მორგებულია ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს და თანხვედრაშია საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებთან.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მათი აღმზრდელებისთვის ამ დრომდე არ არსებობდა რაიმე რესურსი, რომელიც დაეხმარება თამაშზე დაფუძნებულ, მარტივად შესასრულებელ და ბავშვზე მორგებულ მედიააქტივობებს. კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი გზამკვლევი ხელს შეუწყობს ბავშვის კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, ემოციური ინტელექტისა და სოციალური უნარების განვითარებას. აღნიშნული რესურსის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირება ხელს შეუწყობს ბავშვებში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მედიაქცევის ჩამოყალიბებას, ხოლო მეთოდისტებს მისცემს პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, სწორედ ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ თანამედროვე ციფრული გარემოს გამოწვევებზე რეაგირებისთვის ბავშვების მომზადება.
კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში. მცირე ასაკიდანვე ბავშვები მუდმივ ურთიერთობაში არიან მედიაშინაარსთან - ტელეფონით, ტელევიზორით, ინტერნეტით, შესაბამისად, აქტუალურია სკოლამდელ დაწესებულებებში მედიაწიგნიერების კომპონენტის დანერგვა. ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული უნარები მათ ეხმარება უსაფრთხოდ, გააზრებულად და ასაკის შესაბამისად გამოიყენონ მედია, შეაფასონ ინფორმაცია და განივითარონ კრიტიკული აზროვნება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
20.09.2026.15:51
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.
მან, ასევე, წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.
„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია, როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით, ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.