კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს
კონკურენციის სააგენტო და მომხმარებლების დაცვის სააგენტო www.ekalata.gov.ge - სექტემბრის თვის ფასების დინამიკას ავრცელებს.
GCCA - ის ინფორმაციით, სექტემბრის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათისა და 10 პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.
სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ღირებულება თვის დასაწყისში 37.45 ლარს შეადგენდა, ხოლო თვის ბოლოს 35.82 ლარამდე შემცირდა. კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 29-30 სექტემბერს დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარ კალათას, მისი ყველაზე დაბალი ღირებულება 10 სექტემბერს დაფიქსირდა და 25.57 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კალათის ღირებულება 26.17 ლარი იყო.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებით, თვის ბოლოს 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება - 4.4%-ით.
www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.
პლატფორმას დაემატა მაღაზიების გეოლოკაციის ფუნქციონალიც, რომელიც მომხმარებლებს უახლოესი ქსელის ფილიალის მარტივად მოძიების შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე ამ დროისათვის 16 სავაჭრო ქსელია წარმოდგენილი: „აგროჰაბი“, „ამბარი“, „კარფური“, „დეილი“, „გუდვილი“, „გვირილა“, „კალათა“, „ლიბრე“, „მაგნიტი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „სპარი“, „უნივერსამი“, „ზღაპარი“ „სუფთა სახლი" და „ევროპროდუქტი“.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრისა და საერთაშორისო კონსულტანტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა
16.10.2026.17:12
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გეოტექნიკის პროფესიონალი ინჟინრის, საერთაშორისო კონსულტანტისა და გვირაბმშენებლობის სპეციალისტის, კანადური კომპანიის - “გეოტექნიკური ინჟინერია და მიწისქვეშა მშენებლობა” (Geomaple Geotechnics Inc - GGI) პრეზიდენტის, დოქტორ შაჰაბ იასრების საჯარო ლექცია გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოქტორმა იასრებმა საჯარო ლექციაზე ვრცლად ისაუბრა თუ როგორ შეუძლია სახელმწიფო საწარმოთა ჰიბრიდულ სისტემებს წარუმატებლობის რისკის შემცირება.
საჯარო ლექციაზე მკვლევარმა ვიზუალური მასალის თანხლებით განიხილა თანამედროვე გეოტექნიკური გამოწვევები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. მან მსმენელებს წარუდგინა კანადასა და სხვა წამყვან ქვეყნებში განხორციელებული რთული მიწისქვეშა პროექტების რეალური მაგალითები. პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა ნაჩვენები გვირაბების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი პრევენციის მექანიზმები. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გრუნტის სტაბილიზაციის უახლეს მეთოდებზე, რაც საგრძნობლად ამცირებს საინჟინრო რისკებს. ვიზუალური სქემების მეშვეობით სტუდენტები გაეცნენ, თუ როგორ მუშაობს მონიტორინგის ციფრული აპარატურა რეალურ დროში. ლექციამ ნათლად უჩვენა ახალგაზრდებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი თანამედროვე ინფრასტრუქტურულ მშენებლობაში.
როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, დოქტორ შაჰაბ იასრებს მრავალწლიანი საერთაშორისო საინჟინრო გამოცდილება აქვს, რომელიც მან დიდი ენთუზიაზმით გაუზიარა სტუდენტებს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის ექსპერტებთან შეხვედრა უნიკალური შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის.
“დოქტორ შაჰაბ იასრებს 37-წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ღრმა თხრილების, ურბანული გვირაბმშენებლობის, გრუნტის გამაგრების, ხიმინჯებისა და კონსტრუქციული საყრდენი სისტემების, ფერდობების მდგრადობის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების, ხარისხის კონტროლის, საკონტროლო-გასაზომი აპარატურისა და მონიტორინგის, ასევე, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, მისი გამოცდილება მოიცავს აკადემიურ კვლევებს, საინჟინრო დაპროექტებას, მშენებლობასა და ტექნიკური რისკების მართვას. დოქტორი იასრები კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტექნიკურ სემინარებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ეს საჯარო ლექცია მნიშვნელოვანის და ძალიან საინტერესოა ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ის ეხმარება მათ საერთაშორისო საინჟინრო სტანდარტების უკეთ აღქმაში. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიულ ზრდას, ამაღლებს მათ მოტივაციას, სძენს პრაქტიკულ ხედვას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და მკვლევრების კონკურენტუნარიანობას როოგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მიზანია, მომავალ ინჟინრებს მივცეთ წვდომა უახლეს მიღწევებზე, ხოლო დოქტორ იასრების მსგავსი პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა მათი დარგობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად”, - განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად დაინტერესდნენ მიწისქვეშა ნაგებობების უსაფრთხოების ნორმებით და დასვეს კითხვები მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. დოქტორმა იასრებმა თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, ახალგაზრდებს პრაქტიკული რეკომენდაციები მისცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.