კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტების დასაქმების მიზნით საუნივერსიტეტო შეხვედრებს აგრძელებს
მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების საკითხებზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ირაკლი ბრაჭული სტუდენტებს შეხვდნენ.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც 13-17 მარტს საქართველოში პირველად 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივი ორგანიზებით იმართება, კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტების დასაქმების მიზნით, საუნივერსიტეტო პროექტს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სეუ-ს და თსუ-ს სტუდენტებთან უკვე შედგა. 10 მარტის ჩათვლით, დღის წესრიგის შესაბამისად, სხვადასხვა უნივერსიტეტებში შეხვედრები უკვე ჩანიშნულია. დღეს გამართული საჯარო ლექციის და გაფორმებული მემორანდუმის მიზანს სწორედ სტუდენტების ხელშეწყობა, კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ცნობიერების გაძლიერება და ჩვენი უწყების საქმიანობაში მომავალი თაობის აქტიური ჩართულობა წარმოადგენს", - განაცხადა შეხვედრაზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.
SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მიესალმა დამსწრე საზოგადოებას. მან აღნიშნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფოებრივი როლი. ასევე ხაზი გაუსვა სტუდენტების ცნობიერების ამაღლების საკითხს და ისაუბრა მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ღონისძიებაზე - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლანა გელაშვილმა პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც, ძირითად, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის: სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.geგანაცხადი უნდა წარმოადგინონ. საკონკურსო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:https://admin.competition.ge/uploads/3f5ca1bdced64f7db5d35cba05c22d44.pdf
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.