კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანია „დილსი 2020“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსი 2020“, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.
საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.
ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს სააგენტოს მიერ განესაზღვრა 1 თვის ვადა, რაც მის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დილსი 2020“ 600 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.