კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ Kontact Home-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, ტექნიკით ვაჭრობის სექტორში, კომპანია ,,ეი ბი სი ტელეკომ ჯი"-სთან (მაღაზია - Kontact Home) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საკითხი ეხებოდა მოქალაქე ნუგზარ ნოზაძის განცხადებას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება შემდეგი ღონისძიებები განახორციელოს:
· შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა, შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგათ;
· კანონით განსაზღვრული ინფორმაცია მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს;
· მომხმარებლის ინფორმირებისათვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე www.kontakt.ge და კომპანიის სხვა ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე;
· უზრუნველყოს სარეალიზაციო მაღაზიაში და ვებგვერდზე განთავსებულ საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
· მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და საქონლის უკან დაბრუნების პოლიტიკა, რომელსაც ხელშეკრულების დადებამდე, სათანადო ფორმით გააცნობს მომხმარებლებს.
გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.
ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 213 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე - 35 შეთანხმება გააფორმა. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი - 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.