კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, 28 ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, 28 ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, რაც მთლიანობაში 28 პროექტს გულისხმობს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საკითხი სახელმწიფოს აღიარებული აქვს საშინაო ვალად, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით. დაზარალებულად ცნობილია 3500-ზე მეტი პირი.
ჯამში, დაკმაყოფილებულია დაახლოებით 2500-მდე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირი. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, გამოცხადდა 28 ინტერესთა გამოხატვა. საუბარია, ჯამში 28 პროექტზე. აქედან 15 პროექტზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვა, რომლის ფარგლებში დაკმაყოფილდება 1000-მდე პირი; სანებართვო ეტაპზეა 9 პროექტი და სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ, დაკმაყოფილდება 550-მდე პირი; ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა 4 პროექტი, უკვე გამოვლენილია შესაბამისი გამარჯვებული ინვესტორები და შედეგად იგეგმება 400-მდე პირის დაკმაყოფილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დღესდღეობით შემოსულია კიდევ 615-მდე დაზარალებული პირის განცხადება და ამ მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოხდება მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში.
„ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. არ დაგვრჩება არცერთი ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას. ეს არის 30-წლიანი პრობლემა და ჩვენ ვართ იმ მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ ადამიანების საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე, სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში არიან ჩართული.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.