კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი - საქართველო ევროპული და აზიის რეგიონს მიღმა პირველი ქვეყანაა, რომელთანაც შუა დერეფნის კონტექსტში ვთანამშრომლობთ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორეის ბანკსა და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და უნაღდო ანგარიშსწორების ინსტიტუტის(KFTC) ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტი მიზნად ისახავდა პროექტის - „უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის განვითარება საქართველოში“ განხილვასა და შედეგების შეჯამებას.
აღნიშნულ პროექტზე 2025 წელს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ფოკუსირებულია არსებული საგადახდო გარემოს შეფასებაზე, უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვის ხელისშემშლელი ძირითადი ბარიერების გამოვლენასა და კორეის საუკეთესო პრაქტიკისა და პოლიტიკის გამოცდილების გაზიარებაზე ციფრული გადახდების პოპულარიზაციის კუთხით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგულირების ჩარჩოს პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უნაღდო ანგარიშსწორების ფართო გავრცელებას.
„ეს პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს არა მხოლოდ შევაფასოთ არსებული უნაღდო ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა, არამედ მივიღოთ კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტები მისი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს - ჩვენ ერთად შეგვიძლია ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველო-კორეის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ის შესაძლებლობები, რასაც ეს პროექტი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვისა და რეგიონში კოორდინირებული პრაქტიკების შემუშავებისთვის წარმოადგენს.
კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის ვონჯონგ რომის განცხადებით, საქართველოსა და კორეას ბევრი საერთო აქვს და ურთიერთგამოცდილების გაცვლა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.
„საქართველო არის პირველი ევროპული ქვეყანა და პირველი ქვეყანა აზიის რეგიონს მიღმა, რომელთანაც ჩვენ შუა დერეფნის კონტექსტში ვთანამშრომლობთ, რაც საშუალებას გვაძლევს პარტნიორობა მომავალში უფრო გავაფართოვოთ“, - კორეის ცენტრალური ბანკის საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელმა, განაცხადა ვონჯონგ რომმა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი კორეის ცენტრალურ ბანკსა და საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს.
შეხვედრას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.