კოტე სულაბერიძის გამოფენა - ჩემი კავკასიონი
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე. ჩემი კავკასიონი - სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.
კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან - მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.
კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით მუშაობს.
მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003), ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით(დიოგენე, 2011).
კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: ,,მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); ,,...ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში - KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007); Progressive Nostalgia - Centro per L’Arte Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007); Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).
სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).
გამოფენის კურატორები არაინ სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.