„კურორტების განვითარების მომავალი" - კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა კურორტების მართვის მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიარეს.
აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა საერთაშორისო კონფერენციაზე კურორტების მდგრადი განვითარების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები, მზარდ მსოფლიო მოთხოვნებთან სექტორის ადაპტირება, ველნეს და სპა ინდუსტრიის მომავალი და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
საკურორტო ინდუსტრიის თანამედროვე გლობალური ტენდენციების შესახებ ქართველი აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით მსოფლიოს წამყვანი კურორტოლოგები, ექსპერტები და მაღალი რგოლის მენეჯერები წარდგნენ ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციიდან (BANA), ევროპის სპა ასოციაციიდან (ESPA), ევროპის სპა ოპერატორების წამყვანი ქსელიდან (ENSANA), გერმანიის ბალნეოლოგიისა და კლიმატოლოგიის აკადემიიდან, გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოდან (GSTC), ჩეხეთის სპორტული მედიცინის ცენტრიდან, აზიის განვითარების ბანკიდან და სხვ.
შეკრებილ სტუმრებს საქართველოში კურორტების განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს როლსა და განხორციელებულ საქმიანობაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესაუბრა.
"კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები თუ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანამშრომლობისა და სწავლების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, სადაც დარგის ქართველ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას გაეცნონ, თანამედროვე მიდგომებსა და ტენდენციებს ეზიარონ და საკურორტო სერვისების შემდგომი განვითარების რეკომენდაციები და მოსაზრებები მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან მოისმინონ" - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის თქმით, სააგენტო მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც განაგრძობს, რითიც საქართველოს კურორტების მოდერნიზებას, მდგრადობას, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გაძლიერებას და ამით ქვეყნის საკურორტო სექტორის გრძელვადიან წარმატებასა და განვითარებას უწყობს ხელს.
კონფერენციაში საქართველოს სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების, დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეებისა და კვლევითი ორგანიზაციების 150 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.