კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კურორტ მუაშში „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა
პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში - „ბიატლონ სვანეთი 2024“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და შაშხანისმიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, რადგან ბიატლონი სპორტის სწორედ ამ ორ სახეობას აერთიანებს.ტურნირში მონაწილეობა მიიღო ვაჟებისა და გოგონების ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდად დაკომპლექტებულმა 34-მა მოყვარულმა სპორტსმენმა. გამოვლინდნენ როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, რომლებსაც ტურნირის სპონსორებისგან ფულადი პრიზები, საწვავი, კონფერენციაზე - „სპორტული მედიცინა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი“ უფასო რეგისტრაცია, კურორტებზე განთავსება, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცათ.
“კურორტი მუაში გამორჩეულია თავისი უნიკალური წყლებითა და ულამაზესი ბუნებით. მას წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა თავისი ძველი იერსახე, რადგან ინფრასტრუქტურა იყო სრულად განადგურებული. დღეს, ისტორიული მნიშვნელობის დღეა ლენტეხისთვის, იწყება სწორედ კურორტ მუაშის განვითარების გეგმაზე მუშაობა. კურორტის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ერთნაირად მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის“ - აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიაონიანმა.
„კურორტების განვითარების სააგენტოს მიზანი კურორტების განვითარებასთან ერთად, მასობრივი სპორტის და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობაა. „ბიატლონ სვანეთი 2024“-ის ჩატარება არის როგორც კურორტ მუაშის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი დასაწყისი, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოტივაციისა და წახალისების კარგი შესაძლებლობა. სააგენტო მომავალშიც იქნება მსგავსი ღონისძიებების აქტიური მხარდამჭერი“ - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერმა, ნატალია დოლიძემ.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაცია, სვანეთის DMO და შპს მთის ტრასების სააგენტო (MTA), ხოლო სპონსორები - „გალფ ჯორჯია“, ,,სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემია”, მაღაზიათა ქსელი ,,მაგელანი”, ,,XTREME”, ,,MPLUS” და ,,დეილი ქონვინიენს სთორ“.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.