ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის (მუხნარის ტყის ტერიტორია) რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული 5 კმ-იანი მონაკვეთით იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზა, რომელიც ქალაქ ქუთაისს ბაღდათთან და ვანთან აკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთი მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც. შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე რეგიონის ვიზიტორებისა და ტურისტებისათვის
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო და რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე ჭები, ღობეები და ლითონის მოაჯირები, გვერდულები, ბეტონის ბორდიურები, ტროტუარები, ველობილიკი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტოპავილიონი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი
რეაბილიტირებულ მონაკვეთზე მოეწყო გარე განათების სისტემაც
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 8.6 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.