ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა
ქუთაისის მდიდარ საგანმანათლებლო წარსულს ახალ სიცოცხლეს ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი შესძენს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული საგანმანათლებლო ჰაბი იქნება.
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებისა და განათლების პლატფორმა, რომელიც რიგით მეორეა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შემდეგ, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა.
ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე აქტიურ ინტეგრაციას.
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ოთხი მიმართულებით იმუშავებს, ესენია: უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება, სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარება და პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების შეთავაზება.
„ცენტრის მთავარი საგანმანათლებლო დარგები იქნება ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავიაცია და ტურიზმი. ჩვენთან მოსულ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა განათლება და ცოდნა მიიღონ ისეთი პედაგოგ-მასწავლებლებიდან, რომლებსაც აქვთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, ასევე, მუშაობენ საერთაშორისო კომპანიებში. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი იქნება სივრცე, სადაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს გააძლიერებს, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და ინოვაციებს,“ განაცხადა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი დროებით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული.
მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მეტი ინფორმაციისთვის კურსების შესახებ გამოგვყევით Facebook-ზე: https://shorturl.at/kWcvo
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.