ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გაფართოვდება, რათა შესაძლებელი გახდეს 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება - პრემიერი
მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებას, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ, მე მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და არის ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება უნივერსიტეტის შემდგომ გაფართოებას. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარების სამომავლო 4-წლიანი გეგმის წარდგენას საზოგადოების წინაშე და ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება განათლების რეფორმის განხორციელება და კონკრეტულად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებაზე და აქ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს 2 განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, რომლებსაც თანაბარი დატვირთვა ექნებათ ქვეყანაში განათლების მიწოდების თვალსაზრისით. ეს გულისხმობს იმას, რომ მასშტაბურად გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მეტად, იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს 4 წლის თავზე, 2028 წლისთვის 30 000-მდე სტუდენტის მიღება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ და რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს შესაბამისი სასწავლო პროგრამების გაფართოებასაც, დამატებით კვალიფიციური პერსონალის მოწვევას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ გეგმის განხორციელება თავიდან ბოლომდე დაფინანსდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რისი მზაობაც მან პირადა დაადასტურა და ამისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.