ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ - რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაა, ამის შესახებ, მან სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პრობლემებზე ღიად საუბარი და საზოგადოების წინაშე მათი გამჭვირვალედ წარმოჩენაა.
„ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს წლების განმავლობაში გაჭიანურებული პროექტები. ეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ამიტომ, თუ პროექტზე თუნდაც მცირედი ხარვეზი გამოვლინდება, კონტრაქტორს მისი გამოსწორება საკუთარი ხარჯებით უწევს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებმა მიიღონ მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განმარტებით, ხარჯთეფექტურობა მხოლოდ პროექტის დაბალ ფასად განხორციელებას არ ნიშნავს. მისი თქმით, სახელმწიფო თითოეულ პროექტს გრძელვადიანი შედეგის გათვალისწინებით აფასებს.
„გზა ისე უნდა აშენდეს, რომ მას ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდეს რეაბილიტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხარისხი და ვადების დაცვა. კომპანიები, რომლებიც ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, ხოლო ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ“ - აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
20.07.2026.17:30
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო" შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.