ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და განახლების პროცესი გრძელდება
ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და განახლების პროცესი გრძელდება. შრომის ინსპექციის სამსახური ახალ ტექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობს.
უკვე გაიმართა ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დეტალურად იყო განხილული უწყების მიერ შემუშავებული რეგლამენტი „სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ", რომელიც ადგენს სამუშაო სივრცეში მყოფი პირების მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.
ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას დარგის სპეციალისტებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს შორის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ( იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, თბილისის მერიის) წარმომადგენლებიც იყვნენ.
ახალ რეგლამენტებზე მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ერთდრულად რამდენიმე რეგლამენტი მუშავდება, რათა დასაქმებულთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული .
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.