კვიპროსის ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და ხალხს სამძიმარს უცხადებს
კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - აღნიშნულია კვიპროსის ეკლესიის სამძიმრის ტექსტში.
რენესანსის ეპოქის პატრიარქი - ასე იხსენიებს კვიპროსის ეკლესია უწმინდესს და აღნიშნავს, რომ ილია მეორემ პატრიარქის ტახტი საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად რთულ დროს დაიკავა.
სამძიმრის ტექსტში ნათქვამი, რომ „საბჭოთა კავშირის უღმერთო კომუნისტურმა არეულობამ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ძალით წაართვა. ილია მეორის ხელმძღვანელობით ქართული ეკლესია ხელახლა დაიბადა და საზოგადოებაში თავისი ცენტრალური როლი დაიბრუნა“.
„მისი უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული კვიპროსის ეკლესიის მიმართ ყველაზე ნათლად გამოიხატა კვიპროსის უწმინდესი მთავარეპისკოპოსის, მისი უწმინდესობის, ქრიზოსტომოს II-ის მოწვევით 2014 წლის ოქტომბერში ჩვენს კუნძულზე მისი მომლოცველობითი ვიზიტის დროს. ექვსდღიანი ვიზიტის დროს მისმა უნეტარესობამ, პატრიარქმა კუნძულზე მომლოცველთა მთავარი წმინდა ადგილები მოინახულა. საზეიმო იერარქიული ლიტურგია ლარნაკაში, წმინდა ლაზარეს ისტორიულ ეკლესიაში აღევლინა. საღვთო ლიტურგიის დასასრულს მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა პატრიარქს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ გგრძნობთ თქვენთან ახლოს, როგორც ერთ-ერთ ჩვენგანს, რადგან ჩვენს ეკლესიებს შორის ბევრი მსგავსებაა და მათი რთული გზა ოცი ქრისტიანული საუკუნის განმავლობაში მსგავსია“. ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულეს კიკკოსის წმინდა მონასტერი, წმინდა ირაკლიდიოსის მონასტერი, პანაგია ანგელოქტისტის ეკლესია, წმინდა ნეოფიტოსის მონასტერი, ასევე პაფოსში მდებარე წმინდა პანაგია ქრისოგიალიოტისას ქართული მონასტერი, სადაც მისი კურთხევის მისაღებად უამრავი მომლოცველი შეიკრიბა.
წასვლამდე ცოტა ხნით ადრე კვიპროსის მართლმადიდებელ ხალხს დაემშვიდობა და მისმა უნეტარესობამ პატრიარქმა სულიერ მემკვიდრეობად დატოვა სიტყვები: „ვლოცულობ კვიპროსის მშვიდობის, სიყვარულისა და ერთიანობისთვის“. კვიპროსის ეკლესია გულთბილ სამძიმარს უცხადებს დაძმობილებულ საქართველოს ეკლესიას, მის სასულიერო პირებს, ხალხს და ლოცულობს, რომ უფალმა დაამკვიდროს ნეტარი პატრიარქის სული“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.