ლაგოდეხში წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი.
ბესიკ ჯიქურაული, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, კომპანიის დირექტორის მოადგილე აკაკი მშვიდობაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ, მოსახლეობას არსებული წყალმომარაგების სისტემის მდგომარეობა, პროექტის განხორციელების აუცილებლობა და სამი შესაძლო ტექნიკური გადაწყვეტა წარუდგინა.
წარმოდგენილი ალტერნატივები ითვალისწინებს წყლის რესურსის გაზრდას, ახალი წყალაღების შესაძლებლობების შექმნას, წყლის ამღვრევის პერიოდში ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საფილტრი სადგურის მოწყობას, ასევე წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხისა და ღია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა თითოეული ალტერნატივის ტექნიკურ მახასიათებლებს, დაესვა კითხვები და წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები.
განხილვისას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა იმ ტექნიკურმა გადაწყვეტამ მიიღო, რომელიც N4 სანიტარული ზონის ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ ახალი ჭაბურღილების მოწყობასა და წყალმომარაგების სისტემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გიორგი კობერიძის განცხადებით, მოსახლეობის ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და რეალური საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე საზოგადოებას ვაცნობთ პროექტის შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს და უზრუნველვყოფთ პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. თითოეული შენიშვნა და წინადადება შესაბამისი სპეციალისტების მიერ დეტალურად იქნება განხილული“, – განაცხადა გიორგი კობერიძემ.
პროექტის საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და საჯარო განხილვის ფარგლებში მიღებული მოსაზრებების საფუძველზე განისაზღვრება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვები ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით ყველა შესაბამის მუნიციპალიტეტში გაიმართება. შეხვედრების მიზანია მოსახლეობის პროექტების დაგეგმვის პროცესში ადრეულ ეტაპზე ჩართვა, მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების გათვალისწინება, ასევე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
სხვა სიახლეები
11.08.2026.21:08
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს - აშენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი
11.08.2026.15:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, სტეფანწმინდა-გველეთს შორის, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
არსებული გზა არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სატრანზიტო მაგისტრალის სტანდარტებს და მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მისი უბრალო რეაბილიტაცია ვეღარ უზრუნველყოფდა საჭირო უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას, რამაც განაპირობა მონაკვეთის სრულად ახლიდან მშენებლობის აუცილებლობა.
ახალი გზის პროექტი ითვალისწინებს 2-ზოლიანი, 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას, მათ შორის — საქართველოში ყველაზე გრძელი, 2 კმ-იანი ხიდის აშენებას.
სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სტეფანწმინდადან დარიალის ახალ გვირაბამდე გადის. ამჟამად 460 მეტრი სიგრძის გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს შიდა მოსახვის სამუშაოები, მეორე, 846 მეტრი სიგრძის გვირაბზე კი მიმდინარეობს ბურღვითი სამუშაოები. ორივე გვირაბზე ასევე ეწყობა ხიმინჯები.
სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გზის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც მგზავრობის უსაფრთხოება, ისე რეგიონის წვდომა საჭირო სერვისებზე წლის ნებისმიერ სეზონზე.
პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო მისი დასრულება იგეგმება 2027 წელს.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელობის მაგისტრალია - იგი E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობაში. გზის მოდერნიზება გრძელდება რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, ამავე გზაზე მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მონაკვეთისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაც, სადაც მთავარი, 9 კმ-იანი გვირაბი უკვე გაჭრილია, ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება გუდაურამდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება წლის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ ისარგებლოს გზით და მიიღოს წვდომა საჭირო ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებზე.