„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საგზაო ნაწილის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
„გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო არეალი, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
დედაქალაქში გამტარუნარიანობის თვალსაზრისით ეს საკმაოდ პრობლემური ადგილია, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის გაფართოება და სრული რეაბილიტაცია. ასევე, გარე განათების ქსელის მოწყობა LED ლამპიონებით. უკვე მიმდინარეობს სადენების მიწის ქვემოთ ჩატანა. ასევე, უსაფრთხოების კუნძულები მოეწყობა, დაიზახება ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლითაც საავტომობილო მოძრაობა დარეგულირდება. ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი ძირითადად ღამის საათებში იწარმოებს.
„პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ მოგვიწია გარკვეული არეალების გამოსყიდვა. ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. ამისთვის კომპანიებს თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა.
აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.