ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით დამუშავებულია 660 ჰა ტერიტორია; მობილიზებულია 11 ერთეული სპეცტექნიკა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს გურიის რეგიონში ახორციელებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით დამუშავებულია 660 ჰა ტერიტორია, მათ შორის, ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრები, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესას ადმინისტრაციული ერთეული. მობილიზებულია 11 ერთეული სპეცტექნიკა.
ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მავნებელთან ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წელს გურიის რეგიონში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები განათავსეს. ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა, რეგიონში მძიმე ტექნიკით დამუშავდა სიმინდის მასივები.
ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ინაცვლებს, ამიტომ, მავნებლის მასიური მიგრაციის ფაზაში გადასვლამდე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, ყველაზე ეფექტიანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული და მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული თხილის, სიმინდისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი და მოსავლიანობა.
ყოველწლიურად, სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები” ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მუშავდება 400 ათას ჰექტრამდე ფართობი. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებზე მონტაჟდება 150 ათასზე მეტი ფერომონი. მავნებლის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს მონიტორინგი და ფერომონიანი დამჭერების განთავსება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს 2017 წლიდან ატარებს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.