ლაშა ავალიანი აშშ-ის საელჩოსა და ორგანიზაცია FHI 360-ის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული ორგანიზაციის, „HI 360-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტის, „მიზნების მიღწევა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის შენარჩუნება“ (EpiC) ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტი მიმართულია მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეულ გამოვლენასა და კონტროლზე, ვეტერინარული და ლაბორატორიული მიმართულებების განვითარებაზე, ასევე გენომური კვლევებისა და გენეტიკური მიკვლევადობის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.
როგორც ლაშა ავალიანმა განაცხადა, პროექტი მნიშვნელოვანია მეფრინველეობის სექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის.
„პროექტის ფარგლებში გაძლიერდება საველე და სახელმწიფო ვეტერინარების შესაძლებლობები მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეული გამოვლენისა და კონტროლის მიმართულებით. ასევე, გაძლიერდება ლაბორატორიების შესაძლებლობები, მათ შორის გენეტიკური ანალიზისა და გენომური მიკვლევადობის კუთხით. ფრინველის გრიპი ზოონოზური დაავადებაა და შესაძლოა, ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდეს. შესაბამისად, პროექტში ჩართული იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები და ლაბორატორიები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას, შესწავლასა და გენომის დონეზე მიკვლევადობას”, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ვეტერინარების, ფერმერებისა და სხვა შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ადრეული გამოვლენისა და მასზე რეაგირების საკითხებზე. ამით ხელი შეეწყობა საქართველოში ზოონოზურ დაავადებებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესებას, დაავადებების ადრეულ გამოვლენას და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა
04.09.2026.13:26
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2026 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრიატის დამამთავრებელ სასწავლო წელს ან უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლობენ. პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ პირებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულეს.
კანდიდატთა შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია აკადემიური მოსწრება — GPA 2.7-დან 4.0-მდე ან, 100-ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში, 71-დან 100 ქულამდე.
ამასთან, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებულ ცალკეულ პოზიციებზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრულია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილება საჯარო სამსახურში მიიღონ, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გაეცნონ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.