ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგს შეხვდა
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის - ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს, მეთიუ ჟენგს, ასევე, ICBC Standard Bank-ის გლობალური ბაზრების მართვის კომიტეტის წევრს, სტეფენ გარგიულოსა და ICBC Standard Bank-ის პირველადი ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელს, მარკ გისენს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
საუბარი შეეხო საერთაშორისო და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებს. განხილულ იქნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების პერსპექტივა აზიურ ბაზარზე და აღინიშნა ინვესტორთა მხრიდან მზარდი ინტერესი ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები, განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები.
სხვა სიახლეები
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
14.07.2026.17:32
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამისას, რომელიც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, 90-ზე მეტმა მზარეულმა გაიარა თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები. ტრენინგებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ხორცეულის, თევზეულის, ფრინველის ხორცის დამუშავების ტექნოლოგიები და კერძების მომზადება. ასევე, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის გაკეთება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების მიზანი მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება იყო. სატრენინგო პროგრამაში აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულები იყვნენ ჩართულები. შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთიან აჭარაში გასტრონომიული შესაძლებლობების განვითარება, რათა იქ ასულ მოგზაურებს დახვდეს სტანდარტების მიხედვით მომზადებული ავთენტური, ადგილობრივი კერძები. სატრენინგო პროგრამაში ძალიან კარგი ტრენერები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება არ დაიშურეს ჩვენი მზარეულებისთვის. სასიხარულოა, რომ ინტერესი ახალი ცოდნის მიღების მიმართულებით იყო მაღალი ჩვენს მონაწილეებში, რაც ვიმედოვნებთ მათ მიერ მომზადებულ კერძებზეც აისახება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.