ლევან დავითაშვილი: ჩვენთვის სწორედ დამოუკიდებლობის დღეა ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის
ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს - დამოუკიდებლობის დღე არის ეროვნული დღესასწაული, გამორჩეული ყველა დღესასწაულს შორის და სიმბოლურია, რომ ჩვენთვის სწორედ ეს დღეა ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის, - ლევან დავითაშვილი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დილიდან თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმყოფება და 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს. როგორც მან მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ახლა სუვერენული ქვეყანა ვართ, თუმცა, როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ასევე მის შენარჩუნებას და სწორად მართვას.
„ამიტომ დღევანდელი დღის თემატიკა - რომ ჩვენ რაც გვიყვარს, რაც გვეამაყება, ის გვაერთიანებს და მხოლოდ ერთობლიობით შეიძლება გავუფრთხილდეთ ამ დიდ მონაპოვარს, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. რა თქმა უნდა, დღევანდელი დღის აღნიშვნა ისეთ გარემოში მიმდინარეობს, როდესაც ძალიან ბევრი გამოწვევაა მსოფლიოში, მათ შორის სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მიმდინარე წელი ერთ-ერთი გამორჩეულია მიღწევებითაც - ჩვენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ახლა, ვიდრე ოდესმე ისტორიის მანძილზე, ყველაზე ახლოსაა იმ სტრატეგიულ მიზანთან, რომელიც დაისახა და კონსტიტუციაშიც ასახა - გახდეს ევროკავშირის წევრი. როგორც პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, ამ პროცესში თავდაცვისუნარიანობასთან ერთად, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ქვეყნის ცხოვრების ყველა სხვა მიმართულება.
„ბრძოლით მოიპოვება დამოუკიდებლობა და ბრძოლითვე ხდება მისი შენარჩუნება, თავდაცვისუნარიანობასთან ერთად, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა მიმართულება იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და სუვერენიტეტი იყოს მტკიცე. ევროპასთან ურთიერთობას აქვს ორი მდგენელი - პოლიტიკური და ეკონომიკური. პოლიტიკურთან ერთად, თანაბრად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ კუთხით ჩვენი სამინისტრო პასუხისმგებელია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის აღსრულების შეთანხმებაზე, კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებას. ამ კუთხით საქართველო, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - მართლაც ყველაზე მეტად ვართ დაახლოებული ევროპულ პოლიტიკასთან ეკონომიკური მიმართულებით, საქართველომ ამ მხრივ აჩვენა განსაკუთრებული პროგრესი. ეს იყო კიდეც ევროკავშირის წევრობის და ევროპასთან დაახლოების ერთ-ერთი პირობა, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვფიქრობ, ეკონომიკურ მომენტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გაწევრიანებისთვისაც ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას ექნება ძალიან დიდი როლი“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველო, პრაქტიკულად, ყველა რეგიონში, რვა ქალაქშია წარმოდგენილი - პავილიონებში მოსახლეობას საშუალება აქვს, გაეცნოს სამინისტროს უწყებათა მიღწევებს და ინოვაციებს სხვადასხვა მიმართულებით - მეწარმეობის, ინოვაციების, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, მათ შორის ავიაციის სფეროში, ასევე წარმოდგენილია „საქართველოს ფოსტის“ ინოვაციური პროექტები და ა.შ.
„ეს ხდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა კეთდება ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით, როგორ ვაძლიერებთ ჩვენს სუვერენიტეტს და ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.