ლევან დავითაშვილი: საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან
„ჩვენმა გუნდმა ძალიან მკაფიო განმარტებები გააკეთა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა - ის კითხვები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებაში არსებობდეს, პასუხგაცემულია. ამაში რაღაც განსაკუთრებული სირთულე, ან კონსპირაციის ელემენტის დანახვა ძალიან რთულია", - პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ მედიისთვის განმარტება გააკეთა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ბევრმა წარმატებულმა დასავლურმა დემოკრატიამ მიიღო. ამასთან, მისი ინფორმაციით, ასეთი კანონმდებლობის მიღება აქტიურად განიხილება ევროკავშირში. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, როდესაც ევროკავშირი საუბრობს ასეთი კანონმდებლობის მიღებაზე, ეს ემსახურება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებას იმისთვის, რომ გამჭვირვალე იყოს დაფინანსების წყაროები ყველა ორგანიზაციისთვის.
„აქაც მხოლოდ ერთ რამეზეა საუბარი - მოხდეს ძალიან მკაფიო ანგარიშგება დაფინანსებასთან დაკავშირებით. მეტი არაფერზეა საუბარი, სხვა ტიპის პასუხისმგებლობას ეს კანონი არ ითვალისწინებს. თქვენ იცით, რომ ნებისმიერ საფინანსო ოპერაციაზე თითოეული მოქალაქე, ბიზნესი არის ანგარიშვალდებული, ეს არის სხვადასხვა პრინციპით განსაზღვრული. და არის სექტორი, რომელსაც ანგარიშვალდებულება ამ ეტაპამდე არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ჩნდება იმის ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ამ მიმართულებითაც დაფინანსების წყაროებზე არსებობდეს მკაფიო ინფორმაცია და მოხდეს ანგარიშგება. მხოლოდ ამაზეა საუბარი", - განმარტავს ეკონომიკის მინისტრი.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რომლის გამოც მნიშვნელოვანია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხია. მისი თქმით, ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოქმედებს კონკრეტული ინტერესების შესაბამისად, რაც ხშირ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც ბევრი ეკონომიკური პროექტის საზიანოდ შეიძლება იყოს მიმართული.
„ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ გამჭვირვალობაზე - რომ გამჭვირვალედ არსებობდეს ინფორმაცია დაფინანსების წარმომავლობაზე და ამან შეიძლება ბევრ კითხვას გასცეს ხოლმე პასუხი ბევრ მომენტში. ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს დაფინანსების წარმომავლობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კონკრეტული ინტერესების გამოხატვასთან", - აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.