მადლობა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის - დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება | კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ნანკინის მერს. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს ძალიან თბილი დახვედრისთვის, თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ქალაქებს შორის სამომავლო ურთიერთობები. განვიხილეთ ასევე დაძმობილების შესაძლებლობაც. ამასთან, ჩინურ მხარეს მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძლობისთვის, გულთბილი მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს, ჩვენ ქალაქებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ნანკინის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის თანამედროვე ურბანულ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ თბილისისთვის მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება.
„ნანკინი ზოგადად ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ჩინეთში, წლების წინ დედაქალაქის სტატუსსაც ატარებდა და საკმაოდ საინტერესოა, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული ქალაქი, როგორი განვითარების ტემპი აქვთ, როგორი სიახლეებია, IT ტექნოლოგიები და თუნდაც ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების თვალსაზრისით.
ცხადია, აქაც არსებობს გამოწვევები, როგორც თბილისში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საუკეთესო პროექტები, რომელიც იქნა განხორციელებული ქალაქ ნანკინში, გავიზიაროთ და თბილისშიც გავაკეთოთ მსგავსი პროექტები და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ნანკინის მერთან შეხვედრის გარდა, კახა კალაძემ ვიზიტის მთავარ თემასა და სატრანსპორტო პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მეტროს ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა ჩინურმა კომპანია CRRC-მ ვაგონების წარმოება უკვე დაიწყო.
„ვიზიტის მთავარ თემას რაც შეეხება, საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ვაგონების, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ, ჩინურმა კომპანიამ CRRC-მ მოიგო. დაწყებულია ვაგონების წარმოება, გარკვეული ნაწილი უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში გამოემგზავრება საქართველოსკენ და თბილისის მოსახლეობას ძალიან მალე ექნება საშუალება, იმგზავროს მეტროს ახალი ვაგონებით.
მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზოგადად ქალაქის განვითარება სიამოვნებს, უხარია იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სხვა სიახლეები
AIIB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „საზღვრებს მიღმა - რეგიონების დაკავშირება და მდგრადობის გაძლიერება
30.09.2026.19:03
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „საზღვრებს მიღმა - რეგიონების დაკავშირება და მდგრადობის გაძლიერება".
სესიის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონული ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, როგორ უნდა შეეწყოს ხელი ვაჭრობას, ინვესტიციებს და უფრო მტკიცე რეგიონულ თანამშრომლობას.
ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სატრანსპორტო დერეფნები ცალკეული ეროვნული ინვესტიციებიდან კოორდინირებულ რეგიონულ სისტემებად, რომლებიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ევროპასა და გლობალურ ბაზრებს.
დისკუსიის მიმდინარეობისას, განხილულ იქნა, თუ როგორ შეუძლია რკინიგზას, პორტებს, ლოგისტიკურ ჰაბებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს, ერთობლივი მუშაობა დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად, ვაჭრობის ხელშესაწყობად და ეკონომიკური მდგრადობის ასამაღლებლად.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა შუა დერეფნის საიმედოობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე, იმ მექანიზმებზე, რომელსაც ქვეყანა იყენებს დერეფნის ქვეყნებს შორის ეფექტიანი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის.
გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის ისტორიულ როლსა და მის დღევანდელ პერსპექტივაზე.
აღინიშნა, რომ საქართველომ ამ სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაზე ზრუნვა წლების წინ დაიწყო და დღეს, მისი პოტენციალის გაზრდაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებთან.
საუბარია, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო და საპორტო ინფასტრუქტურის ფუნქციონირებაზე.
ამავე კონტექსტში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ენერგო დერეფნის მუშაობის მნიშვნელობას, რომლითაც ხდება ბუნებრივი აირისა და ნავთობის, ასევე, ელექტროენერგიის ტრანზიტი საქართველოს გავლით.
„დღეს ვხედავთ, რომ შუა დერეფნის განვითარებით დაინტერესებულია ცენტრალური აზია. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას აქვს შანსი, ერთხმად იმოქმედოს აღნიშნული დერეფნის პოტენციალის გაზრდისთვის. ეს კოორდინაცია გვაძლევს იმედს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტი მომავალში მიმზიდველი იქნება თავისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამსახურებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
დისკუსია გახსნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა.
პანელში მონაწილეობდნენ AIIB-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი სერჰატ კოქსალი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემავალი პროფილური უწყების გენერალური დირექტორი იალჩინ ეიიგუნი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის აზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი იუკონ ჰუანგი და პანელის მოდერატორი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საჯარო სექტორში მოქმედ კლიენტთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სიაოჰონგ იანგი.