მაგისტრალებისა და საგზაო ქსელის განვითარება ახალ შესაძლებლობებს გააჩენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის - ირაკლი ქარსელაძე
,,დღეისათვის, დასრულებული პროექტების შედეგად, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 302 კმ-ზე, ანუ 70%-ზე მეტი უკვე გახსნილია. სამუშაოები ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება. რაც ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას უწყობს ხელს.
მისი განცხადებით, რიკოთის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს ახალი 48 კმ მაგისტრალური გზით, რომელიც 49 ახალ აშენებულ გვირაბს და 88 ხიდს მოიცავს. ასევე, სრულად რეაბილიტირდა რიკოთის ძველი, ისტორიული 1750 მეტრიანი გვირაბი.
ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგმებიც გააცნო და განაცხადა, რომ თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალის მშენებლობის მიზნით, 2025 წელს დასრულდება მიმდინარე მონაკვეთების მშენებლობა, რის შემდეგაც დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა; ასევე დასრულდება თბილისი-რუსთავის დარჩენილი 4-ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა.
,,დაიწყება და დასრულდება რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს გზის მონაკვეთების მშენებლობა, დაიწყება ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობა, აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, დასრულდება საქართველოს აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკების საზღვრებთან დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ მონაკვეთების მშენებლობა. დაიწყება ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა; ლილოს შემოვლითი გზისა და დასავლეთიდან თბილისში ახალი შემოსასვლელ-გასასვლელის მშენებლობა“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი. სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით დასრულდება ქვეშეთი-კობის პროექტი, ასევე სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი; დაიწყება წიწამური-ჟინვალის გზის მონაკვეთის მშენებლობა.
თავის გამოსვლაში მინისტრობის კანდიდატი კახეთის მაგისტრალის მიმართულებით მიმდინარე მშენებლობებსაც შეეხო, რომლის ფარგლებში უკვე გაიხსნა ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზა და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა. როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს გაიხსნება დამატებით 17 კმ-იანი გზა. დაიწყება ბადიაური-ჩალაუბნის, გურჯაანი (ჩუმლაყი)-თელავის ასაქცევი და ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა. ასევე, რუსთავი-წითელი ხიდის 1 და 2 ლოტებზე და ალგეთი-სადახლოს 3 და 4 ლოტებზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე და 2025 წელს მშენებლობა აქტიურ რეჟიმში დაიწყება. დაგეგმილია ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურების დაწყება.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მაგისტრალებისა და საგზაო ქსელის განვითარება კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისთვის.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.