მაია ბითაძე - რაჭაში ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა, განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს
რაჭაში ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა, დღეს დილიდან, გეოლოგები ადგილზე იყვნენ გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომელიც გვაქვს - ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა.
„მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და ასევე იმედი გამოვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის დაკარგულებად ითვლებიან, გამოჩნდებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან ოჯახის წევრებს.
დღეს დილიდან, როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე იყვნენ გასულები ვერტმფრენით და მოინახულეს ტერიტორია. პირველი, რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
სამწუხაროდ ერთმანეთს დაემთხვა რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა, რამაც გამოიწვია უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა რაჭაში, ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ასევე ის ეროზიული პროცესები, რომელიც კლიმატის ცვლილების პარალელურად ვითარდება სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ასევე ღვარცოფი, მყინვარების დნობა, რომელიც ასევე კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს - ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია, რომელიც დაახლოებით ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასალით არის დაფარული და პრაქტიკულად ყველა მოვლენამ ერთობლივად შექმნა ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელსაც აქტიურად ებრძვის მთელი ქვეყანა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.