მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა
საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა. ახლად აშენებული ორკილომეტრიანი მონაკვეთი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ახალი საავტომობილო გზის უსაფრთხოებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რომელიც 2019 წელს დავიწყეთ და რთული განსახორციელებელიც იყო მისი რელიეფიდან გამომდინარე. იყო კონკრეტული, მეწყერსაშიში ადგილები და მოგვიწია მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება, რომ ეს მონაკვეთი პირველ რიგში, ყოფილიყო უსაფრთხო და ყველანაირად გამართული უპრობლემო გადაადგილებისათვის. ყველა ეს ზონა დამუშავებულია. პრევენციული ღონისძიებები გერმანელი და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდა. გარდა ამისა, მოეწყო კუნძულები, რომელიც არის გამწვანებული, თავისი განათებებით. ასევე, გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე ფერდების დამცავი ბადეები გაკეთდა, რომ ყველანაირად უსაფრთხო იყოს და დაცული ქვათაცვენისგან. ეს ოთხზოლიანი, ბეტონის გზა დღეიდან მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა მის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს და ყველა იმ კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა.
„დაგეგმილი გვაქვს მარშალ გელოვანის სრული რეაბილიტაცია, რადგან ეს გზა უმძიმეს მდგომარეობაშია. ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება.
პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, შეიცვალა მაგისტრალური წყალმომარაგების მილები და მისი ადგილმდებარეობა, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი. ასევე, საჭირო გახდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ანძების ადგილმონაცვლეობა.
როგორც ცნობილია, გზის მშენებლობის პროცესში, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა. ფერდის გამაგრებისთვის, ქართველი და გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, 11 ლოკაციაზე მოეწყო ფერდის დამცავი ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, განხორციელდა ფერდების ფორმირება და დატერასება.
ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. ამასთანავე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, მაჭავარიანის ქუჩის და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, გზის შუა გამყოფი ზოლი, გამწვანებული კუნძულები და სარწყავი სისტემა მოეწყო; 2800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი და დაირგო 700-მდე ნერგი, ხოლო 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიყარა მულჩის საფარი.
აღსანიშნავია, რომ მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო, რომელიც ადაპტირდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტით.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.