მარტვილიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ძაღლების ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF)მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ცოფზე დაკვირვების მიზნით მოთავსებული ძაღლებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული 6 თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟებმა ცხოველები იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები (სტერილიზაცია/კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია) ჩაუტარდათ. ერთი კვირის განმავლობაში ძაღლებს გააჩუქებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასაში არსებული სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიიდან, სადაც ძაღლებმა ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი გაიარეს. ცხოველებს, რომლებსაც არ გამოუჩნდებათ პატრონი, პროგრამის ეკიპაჟები, კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივ არეალში - პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ.
მიმდინარე წლის მაისში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ 30 ძაღლზე მზრუნველობა საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF) ითავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სივრცის შემოწმებისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ, ცხოველები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განათავსეს.
სააგენტო, კანონმდებლობის მოთხოვნების, ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძაღლებზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.