Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით ზღუდაძე BTU-ს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საბჭოს წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საბჭო შეიქმნა, რომელსაც Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში და სომხეთში, დავით ზღუდაძეც შეუერთდა.
საბჭო აერთიანებს წამყვანი კომპანიებისა და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს. მისი მიზანია ბიზნესსა და აკადემიურ სივრცეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინოვაციური პროექტების განვითარება და საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება. საბჭო ასევე იმუშავებს ახალი პარტნიორობებისა და სტრატეგიული ინიციატივების განვითარებაზე.
„თანამედროვე განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Mastercard-ში დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს გავუზიაროთ პრაქტიკული ცოდნა ციფრული ტექნოლოგიების, ფინანსური ინოვაციებისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით. მჯერა, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას, ისე საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას“, - აღნიშნავს დავით ზღუდაძე.
დავით ზღუდაძეს საბანკო და ფინანსურ სექტორში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მან ახლახანს დაასრულა ბრიტანეთის დირექტორთა ინსტიტუტის (Institute of Directors - IoD) Diploma in Company Direction პროგრამა, რომელიც კორპორაციული მართვის, სტრატეგიული ლიდერობისა და დირექტორთა საბჭოს საქმიანობის მიმართულებით პროფესიული კომპეტენციების განვითარებაზეა ორიენტირებული. მიღებული ცოდნითა და საერთაშორისო გამოცდილებით, დავით ზღუდაძე ხელს უწყობს ბრიტანული კორპორაციული მართვის სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას კავკასიის რეგიონში.
სხვა სიახლეები
„მთის ტრასების სააგენტო“ საფრანგეთის სამთო კურორტებთან თანამშრომლობას იწყებს
22.10.2026.11:38
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტომ“ (MTA) და ფრანგულმა კომპანიამ Grand Massif Domaines Skiables (GMDS) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმება საქართველოსა და საფრანგეთის სამთო კურორტებს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი საფრანგეთის საელჩოში ,,მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ და ,,გრან მასიფის“ გენერალურმა დირექტორმა ფრედერიკ მარიონმა მოაწერეს.
თანამშრომლობა მოიცავს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კურორტების მართვის, ტექნიკური ოპერაციების, უსაფრთხოების, მარკეტინგისა და კომერციული საქმიანობის მიმართულებით. ამ მიზნით დაგეგმილია ორმხრივი სამუშაო და სასწავლო ვიზიტები, პროფესიული შეხვედრები და თანამშრომელთა გადამზადება. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებასა და საქართველოს სამთო კურორტების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
"ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს ბევრ საინტერესო ინიციატივასა და საინტერესო ჩარჩოს. ეს ჩარჩო მოიცავს როგორც ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე ტურისტებისა და მგზავრების მიმოცვლას. საინტერესო იქნება ჩვენთვის ფრანგი ტურისტების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საინტერესო იქნება საფრანგეთში ვიზიტი, ,,გრან მასიფის“ კურორტებზე სრიალი. ამ მემორანდუმის ფარგლებში ასევე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული ჩვენი თანამშრომლების გაცვლითი პროგრამები“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.
გრან მასიფი (Grand Massif) საფრანგეთის ალპების ერთ-ერთი უდიდესი სამთო-სათხილამურო არეალია, რომელიც ხუთ კურორტს - Flaine-ს, Les Carroz-ს, Morillon-ს, Samoëns-სა და Sixt-ს აერთიანებს.
„მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) მართავს და ავითარებს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს ოთხ მთის კურორტზე: გუდაურში (კობისა და გუდაურის სასრიალო არეალები), ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის სასრიალო არეალები), მესტიასა (ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო არეალები) და გოდერძიზე.