Mastercard-სა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
გლობალური გადახდებისა და ტექნოლოგიების წამყვან კომპანია Mastercard-სა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობაა.
Პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინანსური ლიტერატურის კუთხის მოწყობა, საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობის ორგანიზება.
ფინანსური განათლების განვითარებისთვის Mastercard-მა საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამოიცა პირველი ქართული ფინანსური ლექსიკონი. ფინანსური ტერმინების განმარტებასთან ერთად, გუნდმა ლექსიკონის ონლაინ ვერსიის შექმნაზეც იმუშავა და განმარტებები მარტივად ხელმისაწვდომი გახადა.
გარდა ამისა, გიორგი ბაქრაძესთან და “საზოგადოება და ბანკებთან” ერთად Mastercard-მა საგანმანათლებლო კონკურსსაც უმასპინძლა. თანამშრომლობის ფარგლებში, Mastercard და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით საერთო ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოფებსაც შესთავაზებენ მკითხველებს.
ეს ინიციატივა მეტად აქტუალური და საჭიროა ქვეყანაში, სადაც, ბოლო კვლევის მიხედვით, მოზარდების მხოლოდ 38%-ს აქვს მიღებული ფინანსური განათლება.
Სულეიმან სოზერი, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: „Mastercard-ში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელია ფინანსური განათლების ამაღლება. მომხმარებლები მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ საჭირო ინფორმაციითა და რესურსებით, რათა მათ შეძლონ გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ მოხარულები ვართ ვითანამშრომლოთ ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა“.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე: „Mastercard-თან პარტნიორობა, საქართველოში ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ბიბლიოთეკის ფინანსური ლიტერატურის სივრცე ადამიანებს სასარგებლო ინფორმაციასა და ინსტრუმენტებზე წვდომას მისცემს.”
Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.
Mastercard-ის შესახებ: Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.